სსიპ ქუთაისის №19 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ პროექტის ფარგლებში დამუშავებული თემა:

 

 

 

 

„ბერძნული სამოსახლოები კოლხეთის სანაპიროზე“

 

 

ხელმძღვანელი: ნარგიზა (ნატო) კლდიაშვილი


2024 წელი




აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის და კერძოდ კოლხეთის მოსახლეობასთან ბერძნებს უძველესი დროიდან ჰქონიათ ურთიერთობა. მიკენი, სადაც აქაველები ბატონობდნენ თავიათ გავლენას ავრცელებენ ეგეოსის ზღვის სანაპიროზე და შავი ზღვის სანაპიროებსაც მოადგნენ. ამის დადასტურებაა მითი ოქროს საწმისის შესახებ. მათ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო იზიდავდათ ოქროს, ვერცხლის, სპილენძის და რკინის სიუხვით.

რეგულარული ურთიერთობის დამყარება აღმ. შავი ზღვისპირეთის მოსახლეობასთან უკავშირდება დიდი ბერძნული კოლონიზაციის პროცესს. კოლხეთისა და აქ მოსახლე ტომთა შესახებ ცნობები სწორედ ამ დროიდან ჩნდება. (ძვ.წ. VIII-VII სს.)

კოლხეთის სანაპიროს ბერძნული კოლონიზაცია უშუალოდ უკავშირდება იონიის ქალაქების მილეტის, ქიოსის, ფოკეის, სამოსის ექსპანსიურ პოლიტიკას.

ძვ.წ. VII ს. მეორე ნახევარში ბერძნებისათვის აღმოსავლეთით ახალი ბაზრები იხსნება. მათი ინტერესების სფეროში მოექცა შავი ზღვისპირეთიც. იონიის ქალაქებიდან გააქტიურდა მილეტი, რომელმაც დაიკავა კ. იკაროსი და კარიის სანაპიროს გასწვრივ განლაგებული მცირე კლდოვანი კუნძულები. მან კონტროლი დააწესა აღ. ხმელთაშუაზღვისპირეთზე გამავალ საზღვაო გზებზე. ხელსაყრელი პოზიციები ეკავათ აგრეთვე ხმელთაშუაზღვისპირეთის სავაჭრო გზებზე ქიოსსს და როდოსს, რომელთაც მჭიდრო და უშუალო კავშირი ჰქონდათ. შავი ზღვის დასავლეთ და ჩრდ. სანაპიროებთან ჯერ კიდევ არქაულ ხანაში.

აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში (ფიჭვნარი, ბათუმის ციხე, ფოთის მიდამოები) მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ადასტურებს ბერძნულ ცენტრებთან სავაჭრო ურთიერთობებს. ბერძნული ნაწარმის უდიდესი ექსპორტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავშირებულია ქიოსთან ძვ.წ. VII-VI ს. მასში გამოიყოფა ქიოსური ამფორების უძველესი ნიმუშები. ქიოსური კერამიკული ტარა მეტნაკლებად გვხვდება შავიზღვისპირა ზოლის მნიშვნელოვან ცენტრში, რაც ადასტურებს კ. ქიოსის და კოლხეთს  შორის უშუალო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის არსებობას.

კოლხებთან სავაჭრო ურთიერთობებში აქტიურია კ. როდოსიც, ამას ადასტურებს მისი ნაწარმის ადრეული ნიმუშები: სქლად წასმული ყავისფერლაკიანი თასები, კილიკის კედლის ნახატები. ასეთი მასალა აღმოჩნდა ფიჭვნარში (ქობულეთი), ბათუმსა (ბათუმის ციხე) და ფოთში. ისინი თარიღდება ძვ.წ VI-ს-ის  I ნახ-ით.

კოლხეთში, როგორც აღვნიშნეთ ბერძენ ვაჭრებს იზიდავდა მაღალი ხარისხის რკინა და სპილენძი, აგრეთვე სელი, სელის ნაწარმი და მონები. მონების გაყვანით დაინტერესებუი იყო ქიოსი, რომელიც უძველესი დროიდან წარმოადგენდა მონათვაჭრობის უდიდეს ბაზარს მთელ ბერძნულ სამყაროში.

კოლხეთში ანტიკური სამყაროს ცენტრებიდან შემოჰქონდათ მაღალი ხარისხის ღვინო, თუმცა ეს პროდუქტი კოლხეთშიც დიდი რაოდენობით მზადდებოდა.ამას ადასტურებს ღვინის შესანახი და გასაზიდი ჭურჭლის (პათოსების) ფართო წარმოება კოლხეთში.

ბერძნებს კოლხეთში შემოჰქონდათ იონიის ქალაქების ხელოსნური ნაწარმი, ფუფუნების საგნები, რომელთაც მოიხმარდა მოსახლეობის ზედა ფენა, რადგან ძვირად ფასობდა.

კოლხეთში სინოპედან შემოდიოდა ზეითუნის ზეთი, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ზეითუნის ზეთის გამოხდა აქაც ხდებოდა.

კოლხეთის სანაპიროს ეკონომიკური ათვისებისა და სავაჭრო ფაქტორების დაარსებაში, ფიჭვნარში, ციხისძირში და ბათუმის ციხის მიდამოებში, მონაწილეობდა რამდენიმე ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფო, მაგრამ თანდათან უფრო გამოიკვეთა ქ. მილეტის წამყვანი როლი შავი ზღვის დანარჩენი სანაპიროებს კოლონიზაციაში. ამ პროცესს ჰქონდა თავისი მიზეზი. მილეტში გამწვავდა სოციალური წინააღმდეგობები, რაც უკავშირდება მეზობელი ლიდიის სამეფოს შემოტევებს, (ლიდია აგრესიულად იყო განწყობილი მილეტის მიმართ), რომელმაც მოშალა სასოფლო სამეურნეო ტერიტორია. ომი დაახლოებით 11 წ. გრძელდებოდა და მილეტში წარმოიშვა სურსათისა და ნედლეულის ნაკლებობა. მილეტმა დაიწყო ახალი წყაროების მოპოვება ახალშენების დაარსებისა და ვაჭრობის გაფართოებით. სწორედ ამ პერიოდში დაარსდა ჩრდ. შავიზღვისპირეთში სავაჭრო ახალშენები ბერეზანი და ისტრია, საიდანაც მილეტს გაჰქონდა პური და სხვა პროდუქტები.

მილეტში გაიზარდა გაღატაკებულ თავისუფალ მოქალაქეთა რიცხვი, თანაც მილეტი ძველთაგანავე ცნობილი იყო საკოლონიზაციო საქმიანობით და ფართო საშუამავლო სავაჭრო ურთიერთობებით.

შავიზღვისპირეთის კოლონიზაციის პერიოდში მილეტის ხელისუფლების სათავეში იდგა სავაჭრო არისტოკრატია, რომლებიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე არჩევდნენ კოლონიების დაარსების ადგილებს, საიდანაც ასახლებდნენ მოწინააღმდეგეებს. ზღვაოსან ვაჭართა წრიდან გამოდიოდნენ მილეტელი ოიკისტებიც (ექსპედიციის ხელ-ლი). ისინი კარგად იცნობდნენ იმდროინდელ საზღვაო გზებს.

ბერძენ-რომაელი ავტორები თავიანთ ნაშრომებში იცავენ ლიტერატურულ ტრადიციას, რომ მთელი ექვსინოს პონტო მოფენილი იყო მილეტელთა ახალშენებით: მილეტი გვევლინება, როგორც ორგანიზატორი ამ ფართო საკოლონიზაციო საქმიანობაში, რადგან ერთ ქალაქ-სახელმწიფოს არ შეიძლებოდა ჰყოლოდა დიდი რაოდენობით ჭარბი მოსახლეობა, რათა ახალშენები დაეარსებინა. იგი ამარაგებდა იონიის სხვა ქალაქებიდან გაყვანილ მოახალშენეებს ფლოტით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოკისტისათვის. სწორედ ეს ფაქტი განსაზღვრავდა ახალშენების მეტროპოლიას (ცენტრს).

მილეტმა დაარსა კოლხეთის სანაპიროზე ახალშენები: ფასისი და დიოსკურია, ამას ადასტურებენ ანტიკური ავტორები ჰერაკლიდე პონტოელი, ფსევდო სკიმნე, პომპონიუს მელა, ფლავიუს არიანე თავიანთ ნაშრომებში ლიტერატურული ტრადიციიდან, რომ მარტო ფასისი და დიოსკურია იწოდებიან მილეტის კოლონებად. ფასისის ოიკისტის სახელი ყოფილა თემისტაგორა.

კოლხეთის სანაპიროზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები არ ადასტურებენ ფიჭვნარის და ბათუმის ციხის ტერიტორიაზე ბერძნული კოლონიების არსებობას, რადგან ფასისთან და დიოსკურიასთან შედარებით ეს იყო მცირე იონური დასახლებები.

ანტიკური ავტორები პლინიუსი და არიანე ახსენებენ მდ. ბათუსს, რომელიც ზღვას ერთვოდა მდ. აკამფსის-ჭოროხის ჩრდილოეთით მისგან 12-13კმ. დაშორებით. სახელწოდება „ბათუსი“ ეკუთვნოდა არა მდინარეს, არამედ ქალაქს და  ნავსადგურს. ბათუსი გაიგივებულია Portus Altus-თან, რომელიც აღნიშნულია აფსაროსის ჩრდილოეთით და ნიშნავს „ღრმა ნავსადგურს“.ნ. ლომური PortusAltarus თარგმნის, როგორც „ძველ ნავსადგურს“ და მას მიიჩნევს დღევანდელი ფიჭვნარის სახელწოდებად.

ბათუმის ციხეზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველ მოახალშენეებს სწორედ ბათუმის გორაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჰქონდათ კონტაქტი.  კლასიკურ ხანაში აქ ცხოვრებას უფრო ფართო ინტენსიური ხასიათი მიუღია. აღმოჩენილი მასალიდან საყურადღებოა სამეურნეო კერამიკა, კერძოდ კოლხური ქვევრების მრავალრიცხოვნება, რომელიც ადასტურებს ბათუმის მიდამოებში კერამის წარმოების მსხვილი ცენტრის არსებობას ძვ.წ.VIIს-ში. ბათუმის უძველეს მოსახლეობას გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა აქვს აღმ. საბერძნეთის იონურ ცენტრებსა და ეგეოსის ზღვის კუნძულებთან.

კლასიკურ ხანაში ბათუმის სამოსახლოს როლი საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში შედარებით დაკნინდა. საინტერესო სურათს გვაძლევენ ფიჭვნარის არქეოლოგიური კვლევა-ძიებაც.

მოპოვებული მასალიდან ჩანს, რომ ადრეანტიკურ ხანაში ფიჭვნარის  მიდამოებში არსებობდა ეკონომიკურად დაწინაურებული მსხვილი სამოსახლო,  სადაც განვითარებული იყო ხელოსნობის დარგები: მეტალურგია, საფეიქრო, კერამიკული წარმოება. აქვე აღმოჩნდა თასები, კილიკები, საღვინეები დათარიღდებოდა ძვ.წ. VI-IIს ნახ. იონური იმპორტი გრძელდებოდა ძვ.წ. V ს-შიც.  ფიჭვნარის ქვიშაზვინულებთან ახლოს აღმოჩნდა ძვ.წ. VIს. I ნახ. ჰორიზონტალური ზოლებით მოხატული ქიოსური ამფორების ნატეხები, ძვ.წ. Vს-თვის ამ ცენტრის ნაწარმი ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს ფიჭვნარის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში.

ძველი გიენოსი მდებარეობდა მდ. მოქვის განშტოების მდ. ჯიკუმურის შესართავთან. (დღ. ოჩამჩირის ნავსადგურის ტერიტორიაზე). აქ აღმოჩენილი სამოსახლოს ნაშთები ტიპონიმიკის, წერილობითი წყაროების და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ინდენფიცირებულია “ელინური პოლისის“ გიენოსის ნაშთებად. ოჩამჩირის რეგიონში მოსახლეობა არსებობდა გვიანბრინჯაოს ხანაში (ბრინჯაოს კოლხური ცულები, ნამგლები, თოხის პირები), სადაც განვითარებული იყო სამიწათმოქმედო საქმიანობა. გათხრების შედეგად მიკვლეულია სამი ხელოვნური ბორცვი გარშემორტყმული თხრილით. აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით  (ქიოსური ამფორები, შავლაკიანი კერამიკა) ბერძენი მოახალშენეები ამ ადგილას გამოჩნდნენ ძვ.წ. V-ს. ზოგადად ნაკლებად ჩანს ძვ.წ. IV-IIIსს-ის ფენებში ბერძნული კერამიკა. უფრო დიდი რაოდენობით გამოვლინდა ადგილობრივი ადრეანტიკური კოლხური კერამიკა, ტიპიური ფორმებით; ჯამები, სასმისები და სხვა. ზოგიერთი ფრაგმენტი ატარებს ძვ.წ.VII-VIსს-ის კერამიკისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, რაც გვაფიქრებინებს ამ ადგილას ძვ.წ. Vს-ზე უფრო ადრინდელი ადგილობრივი მოსახლეობის არსებობას.

აღმოსავლეთის ბორცვზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა ძვ.წ.VIIს-ის მეორე ნახევრის იმპორტული ნაწარმი; იონური კერამიკა და ქიოსური ამფორები, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა მეცნიერთა აზრი გიენოსში იონური მოსახლეობის არსებობის შესახებ. თუმცა იმპორტულ ნაწარმს სჭარბობს ადრეანტიკური ხანის ადგილობრივი მასალა, რომელიც გაცილებით უფრო ძველია. ეს ფაქტი დამახასიათებელია კოლხეთის სანაპიროზე განათხარი ყველა ანტიკური ნაქალაქარისათვის.

უაღრესად საინტერესო მასალას იძლევა არქეოლოგიური თვალსაზრისით ქვემო ეშერისა და დიოსკურიის ისტორია. ეშერის ნაქალაქარიდან 1კმ-ით დაშორებულ ბორცვზე გამოვლინდა ადრე ანტიკური ხანის იმპორტული კერამიკის მრავალრიცხოვანი ფრაგმენტი, რომელთაც ჰქონდათ სხვადასხვა დანიშნულება სუფრის, სამზარეულოს და პროდუქტის შესანახი თუ გადასაზიდად განკუთვნილი ჭურჭელი ამფორები. იმპორტულ ნაწარმში მიკვლეულია როდოსულ-იონური კერამიკის ჯგუფი, რომელიც თარიღდება ძვ.წ.VII საუკუნის დასასრულს და VI საუკუნს დასაწყისით. აქვე ნაპოვნია აღმოსავლურ ბერძნული წარმოშობის ამფორათა ნატეხების მთელი ჯგუფი (ძვ.წ. VIს.დს.), რომელიც მილეტს უნდა მიეწეროს.

ქვემო ეშერის არქეოლოგიური მონაცემებით შეიძლება განვსაზღვროთ ჩრდ. კოლხეთის ბერძნული კოლონიზაციის ქრონოლოგიური საკითხებიც. მთელი შავიზღვისპირეთის კოლონიზაცია ქრონოლოგიური თვალსაზრისით წარმოდგენდა ერთიან პროცესს, რაც მეტროპოლიაში შექმნილი ვითარებით იყო განპირობებული. იგი მიმდინარეობდა ერთ ქრონოლოგიურ ჩარჩოებში, რომელიც ძირითადად მოიცავდა ძვ.წ.VIIს-VI სს-ს. და რომ კოლხეთის სანაპიროს ეკონომიკური ათვისება ხდებოდა ერთი და იმავე ცენტრების მილეტის, სამოსის, ქიოსის და სხვათა მიერ. ბერძნულ-რომაული წერილობითი ტრადიციაც ადასტურებს, რომ ახალშენი (აპოიკია) დიოსკურია მილეტმა დაარსა და მასთან ერთად ახალშენთა დიდი ნაწილიც. აღმოსავლურ-ბერძნული სავაჭრო-საკოლონიზაციო ინტერესებს მოჰყვა შემდეგ სხვა სამოსახლოებთან ერთად დიოსკურიას დაარსება. თუმცა სოხუმის უბის გარშემო არა აღმოჩენილი ძვ.წ. VI ს-ის იმპორტული კერამიკა ან სხვა მასალა, მაგრამ სოხუმის მიდამოების სამაროვნებიდან ამოღებულია მასალა, რომელიც განეკუთვნება ადგილობრივ მოსახლეობის ნაკლებად შეძლებულ ფენებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმპორტული კერამიკაძვ.წ. VI ს-ში ძვირად ფასობდა კოლხეთში. იმპორტულ კერამიკას მოიხმარდა თვითონ შეძლებული ბერძენი მოახალშენეები, რომელთაც ეკავათ ამჟამად ზღვით დაფარული სოხუმის ყურის სანაპირო ზოლი. სოხუმი არსებობდა როგორც მილეტელთა ახალშენი დიოსკურია,ხოლო ეშერა ფუნქციონირებდა, როგორც მის გვერდით წარმოქმნილი ერთ-ერთი დამხმარე სავაჭრო ფაქტორია. ასეთი ფაქტორიების წარმოქმნა უცხო არ იყო ბერძნული სამყაროსათვის.მაგ. დას. ხმელთაშუაზღვისპირეთში ჩრდ. ესპანეთის ტრრიტორიაზე  ძვ. VI ს-ის პირველ ნახევარში ფუნქციონირებდნენ ფაქტორიის ტიპის  მთელი  რიგი სხვა სამოსახლოები(კალიპოლისი და სხვა).სოხუმის მიდამოებში არქეოლოგიური კვლევის შედეგადა აღმოჩნდა დიდირაოდენობით ლითონის ნაწარმი,მათ შორის ბრინჯაოსა და რკინის სამეურნეო და საომარი იარაღი და აგრეთვე კერამიკის ჭურჭელი,რომელიც თარიღდებაძვ.წ.VIII-VIIსს-ით, როგორც ჩანს სოხუმის მიდამოებში წინაანტიკურ ხანაში  მოსახლეობას ჰქონდა განვითარებული ეკონომიკა, მეურნეობა და მრავალდარგობრივი ხელოსნობა.სოხუმის უბნის გარშემო შეინიშნება მოსახლეობის კონცეტრაცია.ძირითადად დასახლებული ჩანს სანაპირო  ზოლი (წითელი შუქურა) და მახლობელი  ბორცვები (სოხუმის მთა,გუად-იხუ, ლეჩქოფი,ბოტანიკური ბაღის ტერიტორია).სოხუმის მიდამოებში აღმოჩენილი არქეოლოგიური  ძეგლები ანალოგიურია მთელი კოლხეთის მატერიალური კულტურის მაგ.ცულები,სამეურნეო და საომარი  იარაღი. 1969წ-დან ე.წ.“ვერეშჩაგინის” გორაზე მიკვლეული იქნა განძი, რომელიც შეიცავს,როგორც ბრინჯაოს, ასევე რკინის საბრძოლო იარაღის მთელ  კომპლექტს (ცულებს, შუბისპირებს).

სავსებით სამართლიანად ითვლება ამ იარაღის ნაწილი კოლხური კულტურის ძეგლებად,ხოლო ნაწილი კი სიახლოვეს ავლენენ ყუბანურ კულტურასთან. ბრინჯაოს იარაღის ფორმებში შეინიშნება მემკვიდრეობითობა,რითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ სოხუმის მიდამოები წარმოადგენდა არა მხოლოდ ბრინჯაოს მეტალურგიის, არამედ რკინის წარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას.

სამარხეული ინვენტარის მიხედვით შეიძლება განვსაზღვროთ, თუ როგორ იყო დიფერენცირებული ქონებრივად კოლონიზაციამდელი საზოგადოება, თუმცა მისი შეძლებული წევრები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული სიმდიდრით. წითელი შუქურის მეტროპოლისზე ხდებოდა ერთდროულად სხვადასხვაგვარის  წარმომადგენლების დამარხვა. დასტურდება დამარხვის განსხვავებული წესიც, რაც გვაფიქრებინებს სოხუმის მიდამოებში სხვადასხვა  გვარის წარმომადგენლების  თავმოყრას.

დიოსკურიას ზემოთ  ჩრდილოეთით მთიანი ადგილები  ეკავათ სვან და სხვა ტომებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი მეომარი სულით,ხოლო მის ჩრდ.დასავლეთით მწირ და კლდოვან უნაყოფო სანაპიროზე ცხოვრობდენ ყაჩაღობით და მეკობრეობით ცნობილი ჰენიოხები, აქაველები და სხვა ტომები, რომლებიც ძარცვის მიზნით თავს ესხმოდენ მშვიდობიან მოსახლეობას. ამ ტომების გარემოცვა  ღრმა კვალს სტობებს სოხუმის მიდამოების მკვიდრთა ყოფაზე, ხდება გვაროვნული წყობილების ელემენტების კონსერვაცია, ტრადიციების მყარად შემონახვა. საბოლოოდ იშლება ეს საზოგადოება დაშედის დოსკურიას მოქალაქეთა შემადგენლობაში.

ჰეროდოტეს ცნობებში კოლხების შესახებ არ ჩანს,რომ საზღვარი კოლხეთის სახელმწიფოს მდინარე ფაზისზე გადიოდა და რომ დიოსკურია არ შედიოდა კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში. ჰეროდოტეს მიხედვით ფაზისი იყო კოლხთა განსახლების ადგილი.

ბერძნულ წყაროებიში არ ან ჩანს დიოსკურიას დაარსება ჰენიოხი ტომების დასახლებულ ტერიტორიაზე. ამ აზრის პირდაპირ შეხედულებას იზიარებს რომაელი მწერალი  პომპინიუს მელა(ახ. წ. II ს).დანარჩენ წყაროებში ეს ქალაქი კოლხეთს ან კოლხებს უკავშირდება. ფსევდო სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.) და გეოგრაფი სტრაბონი დიოსკურიას მოიხსენიებს, როგორც კოლხეთის ადგილს,ხოლო ჰენიოხების დასახლებად მიაჩნიათ დიოსკურიის ჩრდ. დასავლეთით მდებარე ზღვის  სანაპირო.

ბერძნული ახალშენი სოხუმის მიდამოებში შეიქმნა ადგილობრივ სამოსახლოთა გვერდით,მათ გარემოცვაში. სოხუმის არქეოლოგიური ძეგლების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მილეტელთა ახალშენი სოხუმის უბეში დაარსდა ადგილობრივ მსხვილ სამოსახლოსთან, სადაც თავმოყრილი იყო მრავალდარგობრივი ხელოსნური წარმოება, რომ ადგილობრივ მოსახლეობა ააღებ-მიცემო კავშირი ჰქონოდა მახლობლად მცხოვრებ ტომებთან. სოხუმის მიდამოებში ბერძნული ეთნოსის დამკვიდრება და მათთან მშვიდობიანი თანაარსებობა  მაგალითია იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დგას  განვითარების მაღალ საფეხურზე და რომ ახალშენები აქ დაარსებულია სავაჭრო მიზნით.

სოხუმის მიდამოების არქეოლოგიური ძეგლების და წერილობითი წყაროების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მილეტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა კოლხეთის ჩრდილო რაიონების ეკონომიკური ათვისებისას ლითონის უმთავრესად რკინის  მომპოვებელი ბაზრების გაფართოება.მილეტი და სხვა იონური ქალაქები თავიანთ კერამიკულ ნაწარმს და პროდუქციას აქ ასაღებდნენ. რკინასთან ერთად  ჩრდ. კოლხეთიდან გაჰქონდათ ოქრო, ვერცხლი, რის გამოძახილსაც უნდა წარმოადგენდეს  ანტიკურ ტრადიციაში  დაცული ცნობები სვანთა ქვეყანაში ოქროს მოპოვების თავისებური წესის შესახებ.

იონელთა მიერ ლითონის მოპოვების მიზნით მოგზაურობებს უკავშირდება ანტიკურ ტრადიციულ ლიტერატურაში  შემონახული მითები, რომ შავი ზღვაის სამხ. აღმოსავლეთ სანაპიროს  მადნეულით მდიდარ რაიონებში წარმოქმნილი სინოპე და ტრაპეზუნტი პონტოს უძველეს ახალშენებს  წარმოადგენდნენ (ძვ.VIII ს.).

მომდევნო ხანაში იონიის გარდა კოლხეთის სანაპიროსთან ეკონომიკურ ურთიერთობაში ჩაებნენ ათენი,სინოპე და სხვა ბერძნული სამყაროს ცენტრები. იზრდება ქვეყნის საექსპორტო საქონლის ჩამონათვალიც. ლითონს დაემატა ძვირფასი ჯიშის ხე-ტყე, ცვილი, ფისი, თაფლი და სხვა.

ძვ.წ. IV საუკუნეში მთის ფერდობებზე და დაბლობზე ინტენსიურად ვითარდება სოფლის მეურნეობა: მიწათმოქმედება, მევენახეობა. იარაღი,რომელიც აქ არმოჩნდა ანალოგიურია კოლონიზაციამდელი იარაღის, ასევე ითქმის კერამიკაზეც. იონური შავფიგურიანი, შავლაკიანი ჭურჭლის გვერდით ჩანს გამოყენება სხვადასხვა ორნამენტებით შემკულ ჩარხზე ფაქიზად ნაძერწი საოჯახო-საყოფაცხოვრებო კერამიკის,რომელსაც იყენებს შეძლებული  მოსახლეობა იონურ კერამიკულ ჭურჭელთან ერთად. როგორც ჩანს, სოხუმის მიდამოებში წარმოქმნილმა იონურმა  ახალშენმა თავისი არსებობის  ადრეულ ეტაპზე ვერ შეძლო მის გარშემო მდებარე მიწაზე თავისი ექსპანსია გაევრცელებინა და ადგილობრივ ბუნებრივ რესურსებს ითვისებდა მოსახლეობის მონაწილეობით, უმთავრესად აღებ-მიცემის გზით, თუმცა ახალშენს ჰქონია  თავისი საქალაქო წყობა.ამ მხრივ ყველაზე საინტერესოა ახალშენი ფასისია, რომელსაც ჰქონდა აგრეთვე თვითმართველობის ორგანიზაცია(პოლიტია).                                                                                                                                                                     

ახალშენი ფასისი წარმოიქმნა ძვ.წ. VII საუკუნის ბოლოს და VI საუკუნის დასაწყისში დღევანდელი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე.იგი შედარებით გვიანი წარმონაქმნია. გაჩნდა მდ. რიონის ჩამოტანილი შლამით. რიონის მარცხენა ნაპირას, დღევანდელი ფოთიდან 15 კმ. დაშორებით ერთ-ერთ ბორცვზე, რომელსაც სიმაგრე ეწოდებოდა გამოვლინდა  ძველი ფასისის ძვ.წ. VI-V ს-ის სამოსახლო. ასეთივე დასახლება დადასტურდა საბაჟოს უბანში და სოფელ ჭალადიდში. სწორედ ეს სამოსახლოები გვაძლევს ცნობას, თუ როდის შეიძლებოდა დაარსებულიყო აქ ბერძნული ახალშენები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული იქნა  იმპოტული კერამიკის ნაწარმი წითელი ზოლებით შემკული ქიოსური, ლესბოსური, მილეტის, თაზოსის კერამიკული ტარის ფრაგმენტები,აგრეთვე როდოსულ-იონური კერამიკის ნიმუშები, ვარდულებიანი ჯამები. სიმაგრის კულტურულ ფენებში ნაპოვნია აგრეთვე, შავფიგურული ანტიკური სტილის კერამიკული ნაწარმი, რომელიც ძვ.წ. VI-V ს-ს განეკუთვნება. აღმ. შავიზღვისპირეთში ასე ადრეული უცხოური მაღალმხატვრული ნიმუშები სხვაგან არა ცნობილი. სოფელ საქორქიოში მდინარე რიონის მარცხენა ტერასაზე გათხრილი სამოსახლოები თარიღდება ძვ.წ. V საუკუნის მეორე ნახევრით. ეს იყო ტიპიური სამოსახლო, რომელიც განიცდიდა ქალაქური ცხოვრების გავლენას, ან მოქცეული იყო ქალაქური ყოფის სფეროში.

სიმაგრის ნამოსახლარის მონაპოვარი იყოფა  ორ ჯგუფად, ადგილობრივი და იმპორტული პროდუქცია. იმპორტული ნაწარმის მრავალფეროვნება მიანიშნებს, თუ რა დიდი მოთხოვნილება იყო ფუფუნების საგნებზე მოსახლეობაში, თუმცა სიჭარბით მაინც  გამოირჩევა, რომ მოახალშენეთა მოსვლამდე ადგილობრივი მოსახლეობა მდგარა განვითარების მაღალ დონეზე და ბერძენთა გამოჩენის შემდეგაც განაგრძობდა ცხოვრებასა და სამეურნეო საქმიანობას,ასეთ პირობებში წარმოუდგენელია, რომ ფასისში განვითარებულიყო ბერძნული პოლისები თავისი სასოფლო ტერიტორიებით,რადგან აქ ხშირი წვიმები, ტენიანობა, ნიადაგის დაჭაობება მოითხოვდა ტრადიციული ხერხებით მომხდარიყო მიწის დამუშავებას გამოცდილ მეურნეთა მიერ.

ბერძნები კი ცნობილია, რომ გაურბოდნენ ძნელად დასამუშავებელ მიწებს,როგორც ჩანს მოთხოვნილებას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე იკმაყოფილებდნენ მოახალშენეები ქალაქის ირგვლივ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასთან საქონლის გაცვლა-გამოცვლის გზით.

ამრიგად, ფასისის სახით ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს მილეტის სავაჭრო კოლონიასთან მისადმი დაქვემდებარებული სასოფლო ტერიტორიის გარეშე,ხოლო სართოდ ბერძნულ-იონური კოლონიზაცია კოლხეთის  აღმოსავლეთ სანაპიროზე მიმდინარეობდა ადგილობრივ მოსახლეობასთან მშვიდობიანი თანაარსებობის პირობებში და მათი ურთიერთობა შემოიფარგლებოდა ძირითადად სავაჭრო ურთიერთობის დამყარებით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ა.კახიძე ,,აღ. შავიზღვისპირეთი ანტიკურ ხანაში“, გვ.60-61

2.ა.კახიძე ,,საქართველოს ზღვისპირეთის ანტიკური ხანის ქალაქები“, თბ.1971წ.გვ.29-31,112-113.

3.ოთ.ლორთქიფანიძე ,,ანტიკური სამყარო  დაძველი კოლხეთი“,1966წ.გვ. 73.

4.ს.ყაუხჩიშვილი ,,სტრაბონი გეოგრაფია,“ თბ.1957, გვ.74.

5. ს.ყაუხჩიშვილი ,,ანტიკური მასალები ბათუმის ისტორიისათვის ქუთაისის პედ. ინსტიტუტის შრომები“,1951-1951წ.გვ.21-23.

6.ნ. ლომოური ,,კოლხეთის სახელმწიფოს ბერძნული კოლონიზაცია“1962, გვ.82.

7. მ.ინაძე,,ანტიკური ხანის კოლხეთის ქალაქები“,ტომი6,  1962, გვ.188,192-195.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

„ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული რესურსების პოტენციალზე დამყარებული ტურისტული პაკეტი”