კიბერბულინგი
სსიპ ქუთაისის №19 საჯარო სკოლა
ინტერნეტთან წვდომა ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. ციფრული ტექნოლოგიებისადმი გონებამახვილური დამოკიდებულება შეიძლება იყოს სასარგებლო და გადამწყვეტიც კი ბავშვის სათანადო განვითარებისათვის. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ციფრული მოწყობილობების ეპოქაში ვცხოვრობთ და მათმა შეზღუდვამ მოზარდებისათვის შესაძლებელია გამოიწვიოს განვითარების არასრული შესაძლებლობები, თუმცა, უამრავი საფრთხის გათვალისწინებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ციფრული გარემო შეიძლება საზიანო იყოს ბავშვებისთვის.
ინტერნეტი და ტელევიზია საჯარო, ღია სივრცეა, სადაც ბავშვები შეიძლება გადაეყარონ ასაკობრივად შეუფერებელ შინაარსს (ძალადობრივ თემატიკას, ნარკოტიკებთან, ალკოჰოლის მოხმარებასთან, ანაზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ თემებს, სექსუალური ხასიათის შინაარსს, სიძულვილის ენას და სხვა), რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მყიფე შინაგან სამყაროს ან უარყოფითად იმოქმედოს მათ ფსიქოემოციურ განვითარებაზე. შეუსაბამო შინაარსი შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილობრივი კულტურისა თუ ოჯახური ტრადიციებისგან. ძირითადად მშობლები ცდილობენ თავიდან ააცილონ ბავშვებს მსგავსი თემატიკა. თუმცა, პატარები ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან და აინტერესებთ ყველაფერი, რაც ზრდასრულთა სამყაროს განეკუთვნება, ამიტომ უმჯობესია დროული ზომები მიიღოთ.
საშუალო ასაკობრივი ჯგუფი, როდესაც ბავშვები პირველ სმარტფონებს ეზიარებიან, დაწყებითი სკოლის საფეხურია. ხშირად მშობლები გადასცემენ შვილებს სმარტფონებს მაშინვე, როგორც კი ისინი სკოლაში მიდიან და ეს არცაა გასაკვირი – ტელეფონი უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის შესანიშნავი საშუალებაა, თუმცა, ინტერნეტის ქსელში ჩართული (და არა მარტო) სმარტფონების გამოყენება ზოგიერთ სიტუაციაში ბავშვებს დაუცველად აქცევს. იმის გამო, რომ სმარტფონები პირადი მოწყობილობებია, ჩვენ ხშირად არ ვიცით, რას აკეთებენ ბავშვები თავიანთ მობილურ ტელეფონებში, ან როგორ იყენებენ მათ. თუ თქვენი შვილებისთვის სმარტფონების შეძენას აპირებთ, წინასწარ მიაწოდეთ მათ მკაფიო მითითებები, რათა დარწმუნდეთ, რომ მათ იციან პოტენციური საფრთხეების შესახებ, ხოლო თუ თქვენს შვილებს სმარტფონები უკვეა ქვთ, მათთან უსაფრთხოების შესახებ საუბარი არც ახლაა გვიან.
რაც შეეხება მოზარდებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 13 წელი, მათ საკუთარი პროფილის შექმნის უფლება ენიჭებათ. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდთა 70% -ზე მეტი იყენებს Instagram-ს, ხოლო 50%-ზე მეტი – Facebook-ს. პოპულარულია ისეთი სოციალური მედიაც, როგორიცაა Snap chat და Tik-tok. ტაბლეტები და სმარტფონები მოზარდთა წრეებში ყველაზე ხშირად გამოყენებად მოწყობილობებად ითვლება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბავშვები სხვა მოწყობილობებსაც იყენებენ თავიანთი სოციალური ქსელების ანგარიშებზე შესასვლელად.
არსებობს რაიმე გზა ინტერნეტბულინგის გამოსავლენად? უმეტეს შემთხვევაში, მშობლებს არც კი აქვთ წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მათი ბავშვი კიბერბულინგის მსხვერპლია ან თავად ჩაგრავს ვინმეს ონლაინ. ექსპერტები ასახელებენ კიბერბულინგის ისეთ ნიშნებსა და სიმპტომებს, როგორიცაა განწყობის ცვლა, გაღიზიანება, ნდობის ნაკლებობა, იზოლაცია, დეპრესიის კენმიდრეკილება და ა.შ. კიბერბულინგის შედეგები შეიძლება ძალიან ნეგატიური იყოს და გავლენა იქონიოს მსხვერპლის ქცევაზე და მის ყოფაზე. მსგავსი ფაქტები იწვევს მოზარდის თვითშეფასების დაქვეითებას, უნდობლობასა და უიმედობას. ძალადობის შედეგები შეიძლება იყოს სავალალო: შფოთვა, დეპრესია, თვითდაზიანება ან ზოგიერთ რთულ შემთხვევაში, თვითმკვლელობაც კი. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბავშვებმა შეიძლება არ აღიარონ ჩაგვრის ფაქტები. ზოგიერთ მათგანს შეიძლება ძალიან გაუჭირდეს ან ერიდებოდეს ამის შესახებ მშობლებთან საუბარი.
მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სუიციდური თამაში, სახელწოდებით „ლურჯი ვეშაპი“ ან ზოგიერთ ქვეყანაში „ლურჯი ვეშაპის გამოწვევა“, რამდენიმე წლის წინ მსოფლიო მასშტაბით გავრცელდა. თამაშის წესების თანახმად, მონაწილეები 50 დღის განმავლობაში ასრულებენ 50 დავალებას. გამოწვევა იწყება უწყინარი დავალებებით, როგორიცაა საშინაო დავალების არ შესრულება, საშინელებათა ჟანრის ფილმის ყურება და სხვა. თანდათანობით დავალებები რთულდება, მაგალითად, ვეშაპის სიმბოლოს ხელზე ამოტვიფვრა ბასრი საგნით, სხვა სახის თვითდაზიანება და ბოლოს – თვითმკვლელობა. მოთამაშემ მტკიცებულებების სახით უნდა ატვირთოს ვიდეო ან ფოტომასალა შესაბამის ვირტუალურ სივრცეში, ან დაიხმაროს სხვა მტკიცებულებების განსათავსებლად. არსებული ინფორმაციით, მსგავსი თამაში პირველად 2013 წელს რუსეთში გავრცელდა, პოპულარულ სოციალურ ქსელში “VKontakte”, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 21 წლის ყოფილი სტუდენტის თაოსნობით, რომლის მიზანი იყო, როგორც მან დაპატიმრების შემდეგ აღიარა, საზოგადოების განწმენდა იმ თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილი და სუსტი ნებისყოფის ბავშვებისგან, რომლებიც უსარგებლონი და ადვილად სამართავნი არიან. თამაშის იდეის ავტორის დაპატიმრების მიუხედავად, სუიციდური ონლაინ გამოწვევების ხვადასხვა ფორმით გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ტრაგიკული ისტორიები დატრიალდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: შეერთებული შტატები, ინდოეთი, ბრაზილია, პორტუგალია, იტალია, არგენტინა, უკრაინა, საქართველო და მრავალი სხვა. „ლურჯი ვეშაპის გამოწვევის“ იდეა ეყრდნობა ლურჯი ვეშაპების მასობრივი თვითმკვლელობის ფენომენს, როდესაც ეს ზღვის ბინადარნი სანაპიროზე თავის გამორიყვით ასრულებენ სიცოცხლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი საშინელი სუიციდური თამაში, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და მყისიერი შეტყობინებების აპლიკაციებში, არის Momo Challenge – მომოს გამოწვევა. მომოს გამოწვევამ მშობლების შეშფოთება გამოიწვია მთელ მსოფლიოში. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ავრცელებენ ცნობებს საშინელებათა ჟანრის პერსონაჟზე (მარიონეტული არსება: გოგონა გრძელი შავი თმითა და ქათმის ფეხებით), რომელიც ბავშვების საუბარში ჩათრევას ცდლობს და უწყინარი დავალებების შემდეგ მათ, საბოლოოდ, თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.
სპეციალისტების აზრით, მსოფლიოში 11-16 წლამდე ასაკის რამდენიმე მილიონი ბავშვი რეგულარულად თამაშობს აზარტულ თამაშებს. როგორ გამოიყურება სინამდვილეში თანამედროვე აზარტული თამაშები? ნამდვილად არა იმ ტრადიციული სახით, ანუ კაზინოში ფსონის კეთებით, როგორც ეს ზოგიერთ მშობელს წარმოუდგენია. ონლაინ სამყარო აზარტული თამაშების მხრივ უამრავ სხვა შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებელს: არსებობს უამრავი ონლაინ კაზინო ან აზარტული თამაშების პლატფორმა, რომელიც მხოლოდ სრულწლოვანთათვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა მოზარდები აქაც მარტივად ართმევენ თავს ელექტრონულ წინაღობებს და სხვისი საიდენტიფიკაციო ნომრით ან მონაცემთა გაყალბების გზით ერთვებიან ვირტუალურ აზარტულ თამაშებში.
თითოეულმა მომხმარებელმა უნდა იცოდეს კიბერსაფრთხეების შესახებ: მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, ონლაინ თაღლითობები და პერსონალური ინფორმაციის ხელყოფა ვირტუალურ სივრცეში ყველაზე გავრცელებული საფრთხეებია. მავნე პროგრამულმა უზრუნველყოფამ, პოპულარული ენით კი ვირუსულმა პროგრამამ, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო წვდომისათვის, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ჩვენს მოწყობილობებს ან მოიპოვოს არასასურველი ინფორმაცია, მაგალითად, ჩვენი საბანკო ანგარიშების შესახებ. ფიშინგი თაღლითობის ფორმაა, რომელიც ძირითად შემთხვევაში ხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც გამოიხატება ყალბი შეთავაზებით მომხმარებლის მოსატყუებლად, კონფიდენციალური ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, როგორიცაა პაროლები, საკრედიტო ბარათების ნომრები, საბანკო ანგარიშები და სხვა. თქვენ შესაძლებელია მოგიწოდონ დააკლიკოთ მიმზიდველ ბმულს რაიმე პრიზის სანაცვლოდ, შემოგთავაზონ შეავსოთ რაიმე კითხვარი, სადაც პერსონალურ ინფრომაციას შეიტანთ, რათა, ვითომ და მიიღოთ რაიმე სახის სარგებელი ან საჩუქარი.
ციფრული მოქალაქეობის უნარის გამოსამუშავებლად, მშობლებმა, უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებთ, შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენი შვილების/აღსაზრდელების ქცევაზე. კარგი მოქალაქეების აღზრდა კი ოჯახური გარემოდან მომდინარეობს.
თუ ოჯახის წევრებთან
ურთიერთობისას ან სადილობის ჟამს არ ამოწმებთ სოციალურ ქსელებს და არ ვგზავნით შეტყობინებებს, ეს მხოლოდ დადებითად აისახება თქვენი მოზარდების ქცევაზე. თუკი მოერიდებით მანქანის მართვისას მობილური მოწყობილობების გამოყენებას არა მარტო
უსაფრთხოებისა და კანონმორჩილების მიზეზით,
არამედ მოზარდებისათვის კარგი მაგალითის მიცემის მიზნით, ამით მხოლოდ დადებითად იმოქმედებთ
თქვენს შვილებზე. ბავშვები ძალაუნებურად მიბაძავენ თქვენს ქმედებებს. დაამკვიდრეთ ისეთი ქცევის წესები და ოჯახურ ტრადიციები, რითაც დააბალანსებთ თქვენი შვილების
ვირტუალურ და რეალურ ცხოვრებას.
Комментарии
Отправить комментарий